ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფიცირებული 86 წლის ქალის გარდაცვალება გარდაუვალი იყო

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებული 86 წლის ქალის გარდაცვალება გარდაუვალი იყო, ვინაიდან მას ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს ქალბატონი ყველაზე მძიმე იყო იმ პაციენტებში, ვინც კი კლინიკაში არიან მოთავსებულები.

“დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში”, – აცხადებს ცერცვაძე.

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პაციენტი ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და ექიმებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო.

“გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. 2 კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და გადარჩენა ვერ მოხერხდა,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.

რამდენიმე დღის წინ, ვირუსით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

იტვირთბა....