ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში უფასოდ დააბრუნებს” – ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ დააბრუნონ. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან უფასო ავიარეისების განხორციელების საშუალება იყო, თუმცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

„ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზეს ევროპის იმ დედაქალაქებიდან, სადაც განსაკუთრებით დიდია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია და სადაც საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, იყო საშუალება, უფასო რეისები განხორციელებულიყო რომიდან, ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან. ამისთვის ავიაკომპანიაც მოძიებული იყო და შესაბამისი სახსრებიც. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ცივი და მტკიცე უარი მივიღეთ. დაიკარგა ძვირფასი დრო, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ზოგიერთ ადგილას, ჩვენს საელჩოებთან პოლიციის მობილიზებაც კი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების კანონიერი პროტესტი შეეწყვიტათ. გუშინწინ ერთი-ერთი ტელეარხის საშუალებით პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ხელისუფლება მზად არის ჩვენი შეთავაზება მიიღოს და ასეთი რეისები განახორციელოს. თავიდან მოგვიწია ყველა მოლაპარაკების ჩატარება და მინდა საზოგადოებას მოვახსენო ამ მოლაპარაკებების შედეგი.

ორშაბათიდან დაწყებული, არის საშუალება, განხორციელდეს რამდენიმე უფასო რეისი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოვიყვანოთ. ეს რეისები იქნება უფასო. ამ უფასო რეისებისთვის ავიაკომპანიებიც არის უკვე და შესაბამისი სახსრებიც მოძიებულია, მაგრამ ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ავიაკომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები ოფიციალური ნოტის თანხლებით საჭიროა სასწრაფოდ გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საიდანაც ფრენები განხორციელდება.

იმისთვის, რომ ამ რეისებზე უპირველეს ყოვლისა, ბავშვიანი ოჯახები მოხვდნენ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში სამკურნალოდ იყვნენ ჩასული და განუკურნებელი სენი სჭირთ. ადამიანები, რომლებიც ყველაზე გაუსაძლის პირობებში არიან და წყლის ფული არ აქვთ, ყოველგვარი სახსრებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილი, ეს ხელეწიფება მხოლოდ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოს. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუჯერებთ, გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია კეთდებოდა. შესანიშნავია, უფრო ნაკლები დრო დაიკარგება. ამიტომ, საჭიროა გადაუდებელი კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას, ისევე როგორც მზად ვიყავით 9 დღის წინ. მზად ვართ დავსხდეთ, გავიაროთ ეს საკითხი, გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები და შემდეგ განვახორციელოთ ფრენები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ განსაცდელის ჟამს სამშობლოში დავაბრუნოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 27 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,055,179 მიაღწია. გარდაიცვალა 55,731 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 223,886 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....