ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის ფრიდრიხ მერცი, გერმანიის მომავალი კანცლერი

ვინ არის ფრიდრიხ მერცი, რომელიც დიდი ალბათობით გერმანიის მომავალი კანცლერი გახდება. ამის შესახებ სტატიას euronews-ი აქვეყნებს.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი, 69 წლის ფრიდრიხ მერცი მთავარი ფავორიტია გერმანიის კანცლერის პოსტზე. უფრო მეტად ცენტრისტული პოზიციის მქონე ანგელა მერკელის დიდი ხნის კონკურენტი, მემარჯვენე მერცი CDU-ს სათავეში 2022 წლის იანვარში ჩაუდგა, გასული წლის სექტემბერში კი კანცლერის კანდიდატად წარადგინეს.  მერცმა, რომელიც პარტიის უფრო კონსერვატიულ კალაპოტში მოქცევისკენ ისწრაფვის, არალეგალური მიგრაციის შეზღუდვა თავისი პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად აქცია.

მერცი სწავლობდა სამართალს და თავდაპირველად იურისტად მუშაობდა. CDU-ში ჯერ კიდევ სკოლაში გაწევრიანდა. მას ყოველთვის ჰქონდა მისწრაფება პოლიტიკისაკენ და 1989 წელს აირჩიეს ევროპარლამენტში. შემდეგ ის გადაერთო შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და 1994 წელს გახდა გერმანიის პარლამენტის წევრი.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში პარტიულ კიბეზე წინსვლის შემდეგ, მერცმა ანგელა მერკელთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მეორე რიგებში გადაინაცვლა. მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პოლიტიკა და რამდენიმე წელი გაატარა კერძო სექტორში მაღალ თანამდებობებზე, როგორიცაა BlackRock Germany და HSBC Trinkhaus & Burkhardt, ასევე მსახურობდა EY Germany-სა და Borussia Dortmund-ის საფეხბურთო კლუბის საბჭოებში.

10 წლის შემდეგ მისი პარლამენტში დაბრუნება გამოირჩეოდა CDU-ის სოციალურ-კონსერვატიულ მხარეზე გადაყვანის და ბიზნესის ინტერესებთან დაახლოების მცდელობით.

იანვარში მერცმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, როდესაც პარლამენტში დააყენა არასავალდებულო შუამდგომლობა, რომელიც მიზნად ისახავდა საიმიგრაციო წესების გამკაცრებას, როგორიცაა სასაზღვრო კონტროლი და დეპორტაციის გაძლიერება, მიუხედავად კრიტიკისა, რომ ეს ინიციატივები არღვევდა როგორც გერმანულ, ასევე ევროპულ კანონებს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მერცი პოტენციურად მზად არის მისთვის პოლიტიკურად სარისკო ტერიტორიაზეც შევიდეს. როდესაც მერცმა უარი თქვა თავის პოზიციაზე, რომ არ იმუშავებდა პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის და დაარღვია  ე.წ Brandmauer-ი ამ პარტიასთან მიმართებით, ის ფართო კრიტიკის სამიზნე გახდა. მოგვიანებით მან გამორიცხა ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობა ულტრამემარჯვენეებთან.

მერცი ხშირად აკრიტიკებდა შოლცის მთავრობს გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკს გამო და ადანაშაულებს მათ ეკონომიკის ვარდნაში. მერცი სოციალური შეღავათების და საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირების მომხრეა. ის ასევე მხარს უჭერს გადასახადების შემცირებას, რაც შეამცირებს მთავრობის შემოსავლებს, ამავდროულად არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებას.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ფრიდრიხ მერცი მტკიცე და თავდაჯერებული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როდესაც აცხადებდა, რომ გერმანიამ უნდა ითამაშოს ევროკავშირის ლიდერის მნიშვნელოვანი როლი. მან უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და მხარი დაუჭირა მის ნატოში შესვლას.

როგორც BBC წერს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მერც, როგორც ოპოზიციის წევრაკრიტიკებდა ოლაფ შოლცს უკრაინის დახმარებაში ყოყმანის გამო და ითხოვდა ტაურუსის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას. მისი თქმით, ეს უნდა მომხდარიყო ბრიტანეთთან და საფრანგეთთან საერთო სარაკეტო პოლიტიკაზე შეთანხმების შემდეგ.

9 დეკემბერს მერცი ომის დროს მეორედ ჩავიდა კიევში, დაარწმუნა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ის აგრძელებს უკრაინის ყოველმხრივ მხარდაჭერას და ასევე გამოაცხადა, რომ ის გამოდის უკრაინის უმსხვილესი ევროპელი მოკავშირეების ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით, უკრაინაში სამომავლო მშვიდობის შესახებ საერთო ხედვის შესაქმნელად. ეს ჯგუფი, მერცის აზრით, შეიძლება შეიცავდეს გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს და დიდ ბრიტანეთს.

“უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. პუტინი მხოლოდ მაშინ მოილაპარაკებს, როცა უკრაინა შეძლებს თავის დაცვას”, – განაცხადა მერცმა კიევში.

მერცი დაქორწინებულია და 3 შვილი ჰყავს. ის ავიაციის მოყვარულია და გავრცელებული ცნობით, ორ თვითმფრინავს ფლობს, რომლითაც ის პოლიტიკისგან თავისუფალ დროს დაფრინავს.

იტვირთბა....