პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ვითარება უფრო და უფრო მძიმდება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, დღეს გვაქვს კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება,”- აცხადებს გახარია.
ამასთან, პრემიერმა ჯანდაცვის უწყებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება დაავალა.
“ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია, ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.