ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო, სრული კარანტინი გამოაცხადა.

პრემიერმა ის შეზღუდვებიც გააცნო საზოგადოებას, რომლებიც საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში იმოქმედებს და ესენია:

• სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის;

• დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსებით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც, სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს;

• ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით;

• იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა, დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია;

• მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლები. გიორგი გახარიას განმარტებით, აღნიშნული კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული, ასევე, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება;

• აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, მათ დაეხმარონ;

• 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

• პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით,  მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში,  რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები;

• ამასთან, ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, ე.2. კომენდატის საათის დროს, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

იტვირთბა....