“ჩვენი მიზანია, საზოგადოება კიდევ უფრო სოლიდარული გახდეს ამ ბრძოლაში, რომელსაც ხელისუფლება დღემდე საკმაოდ ეფექტურად და წარმატებულად აწარმოებს. იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ, როდესაც ვართ სახლში, ვისაც გვაქვს ამის ფუფუნება, მე ასე ვიტყოდი. ბევრი წუხს იმაზე, რომ სახლში უწევს მუდმივად ყოფნა, მაგრამ მინდა, ისინი ვანუგეშო, დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მე ვარ იმ ადამიანებს შორის, ვისაც პირიქით, გამიხარდებოდა, რომ მქონდეს სახლში ყოფნის შესაძლებლობა. ამიტომ, დარჩით სახლში, ეს არ არის ცუდი, დროებით.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
აღნიშნული განცხადება წულუკიანმა, “პირველ არხზე” კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გაავრცელა.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 21 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 809,276 მიაღწია. გარდაიცვალა 39,565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 172,521 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.