იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დამრღვევ პირებს, ვისთვისაც საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება, სასჯელაღსრულების სპეციალური დაწესებულება მიიღებს.
„სანქციების მხრივ რაიმე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც. ეს ჯარიმები რჩება ძალაში. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს წესს, გათვალისწინებულია ასევე საპატიმრო სასჯელიც. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს, ამისთვის ცალკე გამოყოფილ დაწესებულებაში. მე არ მინდა უფრო მეტი დეტალი გითხრათ ახლა და დღეს, მაგრამ თუკი ამაში დაგვეხმარებით, რომ საზოგადოებას ეს ვუთხრათ, ალბათ, ყველასთვის უფრო სასარგებლო იქნება. ჩვენ სულ ორ-სამ დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება იმისთვის, რომ თუკი ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასჭირდებათ უკვე ჯარიმამისჯილი პირის მიერ წესის ხელახლა დარღვევის შემთხვევაში პირის დაპატიმრება, ჩვენ ასეთი პირების მიღებას საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც ხვალიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 18 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 742,556 მიაღწია. გარდაიცვალა 35,344 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 157,046 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.