საქართველოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ავსტრიის მოქალაქე სპეციალური რეისით სამშობლოში გაემგზავრა.
დაინფიცირებული პილოტის სამშობლოში დაბრუნება ავსტრიამ მოითხოვა და ის გვიან ღამით ბათუმის აეროპორტიდან სპეციალური ავიარეისით გაფრინდა.
ინფიცვირებული პაციენტი აეროპორტშიც სპეციალური ეკიპირებით მიიყვანეს.
ავსტრიის მოქალაქე საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და სასტუმრო „ჰილტონში“ ისვენებდა. ცნობილია ყველა ადამიანი, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი. ათამდე პირი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 353,902 მიაღწია. გარდაიცვალა 15,420 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100,629 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება.
რაც შეეხება საქართველოს, დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი წყარო ამერიკის კლასტერია. საერთო ჯამში, კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა. მათ შორის 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.