თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის.
“ჩვენ დაგვემატა 5 ახალი შემთხვევა და ჩვენს ცენტრში არის უკვე 40 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 შემთხვევიდან 2 პირი ერთმანეთის კონტაქტია, დანარჩენები არიან დამოუკიდებელი კონტაქტები, მაგრამ ამერიკაა ძირითადად წყარო. 5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ – ზოგი 7მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. გუშინ, როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის – დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან”, – უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია – 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.