„მუშაობს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა – საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები, ექიმები და ავადმყოფები, რომელთაც შეიძლება თბილისში ან სხვა რეგიონებში შეიძლება სჭირდებოდეთ მკურნალობა, დაუბრკოლებლად შედიან და გამოდიან, ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც არის ჯანდაცვის სპეციალისტებისგან. სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და დაცული იყოს შესაბამისი უსაფრთხოების წესები. მცირე პრობლემა შეიქმნა ბენზინგასამართ სადგურებზე დილიდან, მაგრამ ეს პრობლემაც ამ წუთისთვის გვარდება, რადგან ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
სოზარ სუბარი – რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.