ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარნეულიდან გადმოყვანილი ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.

რატიანის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მოგეხსენებათ, ერთი საათის უკან შემოგვიყვანეს პაციენტი, საქართველოს მოქალაქე მარნეულის საავადმყოფოდან. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ეპიდანამნეზი ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, პაციენტი შევიდა 18 რიცხვში მარნეულის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით, განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. დადასტურდა, რომ არის კოვიდით ინფიცირებული ქალბატონი. შემოყვანისას იყო ჟანგბადის მკვეთრი დეფიციტი, რომელიც ამ ეტაპამდე გრძელდება გემოდინამიკის რღვევით“, –  განაცხადა ლევან რატიანმა მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი“ ჩართვისას.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. 54 ინფიცირებულიდან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვირუსით ინფიცირების 319 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 699 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 006 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....