მარნეულიდან გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოში 80 წლის მამაკაცი კორონავირუსის სიმპტომებით შეიყვანეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მან სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
„80 წელს ზემოთ ასაკის კაცმა დაგვიანებით, 10 დღის ავადმყოფობის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურის მატება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
პაციენტს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს და ტესტის პასუხი, სავარაუდოდ დღეს საღამოს იქნება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს