ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა – პაციენტი თბილისში გადაჰყავთ

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში, სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოჰყავთ. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ადასტურებს.

„ვნახავთ, გამოვიკვლევთ და გეტყვით ყველაფერს. აპარატზეა შეერთებული, ერთადერთი ეს ვიცი ამ დროისთვის. ყველაზე მძიმეა ქვეყანაში“, – აცხადებს ლევან რატიანი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი მარნეულში მყოფ პაციენტს დილით დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არის რამდენიმე ექიმი, რომელთაც შეხება ჰქონდათ პაციენტთან.

შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა; გუშინ კი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

 

იტვირთბა....