“კორონავირუსი მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში დადასტურდა, პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის პაციენტს ადგილზე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
“ავადმყოფი წევს მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ამ დილას ლუგარში დადასტურდა ეს შემთხვევა. ჩვენი ეპიდჯგუფი მუშაობს ამჟამად ადგილზე, პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. იქ არის მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კონტაქტებისა დადგენისა და გამოვლენის. მასთან მუშაობს სამედიცინო პერსონალი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.