თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც ეზუგბაია განმარტავს, პაციენტებზე ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.
„დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით, გუშინ გითხარით, რომ მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტზე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.