ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი, ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული”

“ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ნებისმიერი ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა და არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი, ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ზომების მიღებას, რათა მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან იყვნენ დაცული.

მინისტრის განმარტებით, როგორც მოსახლეობისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე, შეჩერებულია სარესტორნო ბიზნესი, რაც გულისხმობს მათი მუშაობის შეზღუდვას საკუთარ ფართებში, თუმცა მოსახლეობას რესტორნებისა და კაფე-ბარების მომსახურებით ადგილზე მიტანის სერვისით შეუძლია, ისარგებლოს. გარდა ამისა, შეზღუდულია საცალო ვაჭრობა არასასურსათო მაღაზიებისთვის, რომელთა საქმიანობაც ასევე ელექტრონული ვაჭრობით არის ნებადართული.

„შესაბამისად, შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას წარმოებები. გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობები, სატრანსპორტო სექტორის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა. ამ მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმის დაწესება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ცხადია ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

რაც შეეხება სასურსათო-საცალო ვაჭრობას და მაღაზიებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მათ ეძლევათ მითითება, მაქსიმალურად დაიცვან ყველა აუცილებელი ზომა, რაც რეკომენდებულია მედიკოსების მიერ – სადეზინფექციო საშუალებების აქტიურად გამოყენება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მომხმარებლების დისტანცირება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენმა სუპერმარკეტებმა უკვე დაიწყეს ეს პროცესი და სპეციალური მონიშვნები კეთდება, რა დისტანცია უნდა დაიცვან მომხმარებლებმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმითვე, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს და სურსათის მარაგები საკმარისია, სასურსათო საქონელზე რამე სახის აჟიოტაჟური მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„ასეთი ქცევა არასწორი რეაქცია იქნება და ამის აუცილებლობა არ არსებობს. ყველაფერი, რაც კეთდება მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, დაიცვან დისტანცია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და ეპიდემიის პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და  საკმარისი დრო რჩება, რათა განსაზღვრულ ვადებში კონსტიტუცია გადაისინჯოს და განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა.

იტვირთბა....