ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს ვერ შეუშლის”, – ირაკლი კობახიძე

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკმარისი დრო რჩება, რათა განსაზღვრულ ვადებში კონსტიტუცია გადაისინჯოს და განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა.

„საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის თანახმად აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც რის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა.

ვფიქრობთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საბოლოო ჯამში ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, რჩება საკმარისი დრო, რათა განსაზღვრულ ვადებში კონსტიტუცია გადაისინჯოს და განხორციელდეს ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით ოპოზიციასთან. ყველაზე მჭიდრო ვადებს თუ გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

იტვირთბა....