აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირს წარმომადგენლები უნდა იყვნენ თვითონ, ანტონიუ კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენლები უკვე განსაზღვრა, –  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კალასის თქმით, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკავშირი სამმა ოფიციალურმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და თავად – კალასმა.

„სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს შეუძლიათ სხვა გადაწყვეტილების მიღება, თუ ამას მოისურვებენ. თუმცა, გარწმუნებთ, ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია არსებული შეთანხმებების დაცვა“, – განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებებზე.

„რატომ უნდა გვაღელვებდეს, რას ამბობენ რუსები ჩვენი წარმომადგენლების შესახებ? განა ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს იმაზე, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ? საბოლოოდ, ყველას აქვს უფლება, საკუთარი წარმომადგენლები თავად აირჩიოს“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირში კვლავ გრძელდება დისკუსია ევროპული წარმომადგენლობის ფორმატთან დაკავშირებით.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებში წამყვანი როლი გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ე.წ. E3 ფორმატში უნდა შეასრულონ. საჭიროების შემთხვევაში, ამ ფორმატში იტალია და პოლონეთიც ჩაერთვებიან. მერცის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი საკითხი არა ევროპელი წარმომადგენლების ვინაობა, არამედ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაა.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მონაწილეობას დაუჭირეს მხარი.

ცნობისთვის, უკრაინამ და რუსეთმა, შეერთებული შტატების შუამავლობით, 10 ნოემბერს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლეს.

იტვირთბა....