“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
სახალხო დამცველის თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი, რომელიც პანდემია-ეპიდებიემის დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ (მუხლი 5) – საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები.
„შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვან სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში. ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები, ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც“, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.
საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით ბოიკოტს წყვეტს “ევროპული საქართველო” და პარლამენტში შედის.