ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება”, – პაატა იმნაძე

“კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ორი პაციენტია გორში, რომელთა მოგზაურობის ისტორია უკავშირდება საფრანგეთს; ერთი პაციენტი თბილისში არის მოთავსებული, რომელიც არის კონტაქტი ერთ-ერთი ცნობილი კლასტერისა თბილისში. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი შემთხვევა, ახლა დაემატა, სულ ახალი შემთხვევა, ისიც თბილისშია, ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული, რომელიც ასევე უკავშირდება ერთ-ერთ კლასტერს, რომელიც უკვე ცნობილია.

ეს არის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები – პრაქტიკულად მთელი ქვეყანა უკვე უნდა მზად უნდა ვიყოთ ვირუსის შიდა გადაცემისათვის, ეს ეტაპი ამჟამად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფრის, რაც მთავრობის მიერ აქამდე იყო მიღებული, ამის აღსრულება მოხდეს. ეს ყველაფერი უკეთესად გაკეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

იტვირთბა....