ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არის სამწუხარო ფაქტი – ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე”, – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 19 მარტს გარდაიცვალა. 

ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

იტვირთბა....