“საგანგებოს მოთხოვნის სრული ტექსტი ჯერ ვერ მოვიძიე, რაც წესით და ასევე კანონით, უნდა წაეკითხა გახარიას, და არა თვითპიარის შემცველი ის ბელეტრისტიკა, რაც მოვისმინეთ. ხოდა, ათ კაცზე მეტის შეკრება რომ იკრძალება, ეკლესია და მიტინგები იქეთ იყოს, სამსახურებრივ ადგილზე ათზე მეტ კაცს ეხება ეს თუ არა? კლასიკური და სამართლებრივი ტრადიციის თვალსაზრისით, ეს შეკრება არაა. პირდაპირი გაგებით – არის. რა იგულისხმა პრემიერმა, არავინ არ იცის. არა და, უმნიშვნელოვანესი ამბავია. და კიდევ ერთი: ისევ არც ერთი სიტყვა მედიაზე. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და არც ერთი სიტყვა მედიაზე. საოცრებაა. update: ახლა პრეზიდენტიც მოთხრობას ყვება, მოკლე შინაარსს”
ნიკა გვარამია, “მთავარი არხი” გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”
შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.
ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.