ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკური ძალები ეპიდემიოლოგების და მედიკოსების კომპეტენციაში ერევიან” – ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება გაავრცელა.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, მისთვის მიუღებელია, პოლიტიკური ძალების მიერ სპეკულაციების დონემდე,  ეპიდემიოლოგების და მედიკოსების კომპეტენციაში ჩარევა.

„მთავრობამ გადადგა ძალიან კონკრეტული და სწრაფი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვენახებინა ყველასთვის, იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, რომ ხელისუფლება ზრუნავს მათზე. ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმილი იმისთვის, რათა შეუმსუბუქოს მას პირველ ეტაპზე ის პრობლემები, რა პრობლემებიც მათ შეიძლება შეექმნათ. რა თქმა უნდა, სიტუაციის და სიმძიმის შესაბამისად ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად, იმ რესურსების პირობებში, რა რესურსებიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ არის ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც არის დასავლეთ-ევროპული განვითარებული დიდი სახელმწიფოები, მაგრამ სახელმწიფოსთვის შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენ მაქსიმუმს შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც და ჩვენი ბიზნესებისთვისაც. რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა გაჟღერებული, რომელიც ჰქონდა უშუალოდ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს. იცით, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მან მიიღო ასევე რეკომენდაციის სახით გავავრცელეთ მუნიციპალიტეტებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კონკრეტულ თემებზე, რომელმაც ეფექტი უნდა იქონიოს ჩვენს მოქალაქეებზე და იმ ადამიანებზე, ვინც არიან ამ ქვეყანაში ბიზნესით დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 44 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 256,809 მიაღწია. გარდაიცვალა 10,540 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 89,920 პაციენტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....