საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.
“გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების ნაკადები საქართველოს სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლის – სარფზე, ლარსზე და წითელ ხიდზე, რის გამოც ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერ მინისტრისგან, რომ სასწრაფოდ მობილიზებულ იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები”, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინე ზონაში მოთავსდება.
მიღებული გადაწყვეტილებით, ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა.
დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.