ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა” – ირაკლი ჩიქოვანი

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა”, – აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ჩიქოვანის განმარტებით, განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან.

“ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენთან შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....