“ყველა ადამიანი, ვინც შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში”, – აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
“იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.