ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავიდან უნდა ავიცილოთ კორონავირუსის უკონტროლო და სწრაფი გავრცელება” – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სახელმწიფო მომენტისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და კონომიკაზე ზიანი იყოს მინიმალური.

„ჩვენ შევთანხმდით და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც სამ მნიშვნელოვან თემას ეხება – პირველი, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ნაბიჯი არის გადადგმული როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე კლინიკური მკურნალობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგის შენარჩუნებას, რომელიც მიღწეულია ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგებისა და მოკავშირე სამსახურების მიერ. ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით ორკვირიანი ვადის მოგება. როცა მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი, საქართველო თითქმის ორი კვირით ჩამორჩება ამ ტენდენციას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და გავამკაცროთ კიდევ უფრო კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ შემთხვევების უკონტროლო და სწრაფი გავრცელება.

მეორე მნიშვნელოვანი თემა ეკონომიკაა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა. ასევე, არსებობს კონკრეტული გეგმები. მიღებულია კონკრეტული ზომები, გადადგმულია ნაბიჯები, მაგრამ ასევე არის დამუშავებული შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რაც სახელმწიფომ შეიძლება, გამოიყენოს ბიზნესის, თითოეული დასაქმებულისა და ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დასაქმებული არ არის და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს და რომელზეც შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, აქაც უზრუნველყოფთ მაქსიმალურად, რომ ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში შევძლოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვადები არის განხილული და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გაავრცელა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გადავდივართ ახალ ეტაპზე, უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც დამატებით ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის  40 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229, 973 მიაღწია. გარდაიცვალა 9, 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86, 256 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....