საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაიცვან უსაფრთხოების წესები.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს გარეთ გასვლისგან. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება პენსიონერებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
„მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ დავტოვებთ ჩვენს სოციალურ სივრცეს, ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელზეც ზრუნვა სახელმწიფომ გარკვეუწილად თავის თავზე აიღო და უახლოესი დღეებიდან საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრების დროს აწვდიდა. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად ეფექტიანად ვუპასუხებთ“,-განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, გადავდივართ ახალ ეტაპზე, უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც დამატებით ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 40 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229, 973 მიაღწია. გარდაიცვალა 9, 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86, 256 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.