ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში, თურქმენეთის ექვსმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია

აჭარაში საკარანტინო სივრცეში, ოზურგეთიდან სპეციალური მანქანებით თურქმენეთის ექვსი მოქალაქე გადაჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, ნაქირავებ ბინაში სამი მოქალაქე თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ ისინი იზოლაციის წესებს არღვევდნენ და ბინაში რეალურად არა სამი, არამედ ექვსი პირი ცხოვრობდა.

„ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ მეზობლების მომართვაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით, ექვსივე პირი გადაგვყავს აჭარაში, საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის  40 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229, 973 მიაღწია. გარდაიცვალა 9, 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86, 256 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....