რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადებისა და გახანგრძლივებისთვის ნებისმიერ საბაბს იყენებს. რუსული მხარის განცხადება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით ბუნდოვანების არსებობის შესახებ, სწორედ ასეთი საბაბის გამოყენებაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერებმა, პაულა პინიომ და ანიტა ჰიპერმა გააკეთეს განცხადება.
მათი შეფასებით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადების მიზნით მუდმივად საბაბს ეძებს.
„რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ნებისმიერი საბაბი, რათა შეხვედრა არ შედგეს, კარგი საბაბია“, – განაცხადა პაულა პინიომ.
ანიტა ჰიპერმა აღნიშნა, რომ „ადგილმდებარეობა საბაბად არ უნდა იქნეს გამოყენებული“.
„ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, არის, რომ რუსეთი ნებისმიერ საბაბს, რასაც კი იპოვის, იყენებს იმისთვის, რომ უბრალოდ გაახანგრძლივოს, გადადოს და უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმები გააგრძელოს. თუმცა, ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მშვიდობის მისაღწევად ვმუშაობთ“, – განაცხადა ჰიპერმა.
შეგახსენებთ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სიცხადე არ არსებობს.

