ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად” – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

COVID-19-ის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვენელოვანია არ მოხდეს ვირუსის დაკავშირება რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან, რადგან ვინც ავად გახდა, არაფერი დაუშავებია.

„მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს”, „მსხვერპლებს”, “კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID 19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.

ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმო-ს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან – იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს. ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად – გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა.

„თუ რეკომენდირებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით. სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებ-გვერდზე და თავი აარიდეთ მოსმენას ჭორებისა, რაც დისკომფორტს იწვევს“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....