ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებაზე ტექნიკური მზადყოფნა და პოლიტიკური მოლაპარაკებები არ არსებობს”

“არ მიმდინარეობს ამ საკითხზე მოლაპარაკებები, არ არსებობს მსგავსი შეთანხმება აშშ-საქართველოს შორის, არ არსებობს ტექნიკური მზადყოფნა და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ აშშ-ირანს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში, ამერიკამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოიყენოს”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტმა, გენერალმა ამირან სალუქვაძემ გააკეთა.

სალუქვაძე, რომელიც ორ ქვეყანას შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის მიუხედავად, სამხედრო დაპირისპირების დაწყებას არ ელოდება, აცხადებს, რომ თუ ომი მაინც დაიწყება, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია, შესაძლოა, პლაცდარმად იყოს გამოყენებული, სპეკულაცია და მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია.

“ირანი არ არის საქართველოს უშუალო მეზობელი. ჩვენ არ გვაქვს საერთო საზღვარი, ჩვენ შორის არის სომხეთი და აზერბაიჯანი. ორივე სახელმწიფო დგას იმ პოზიციაზე, რომ ნეიტრალურები დარჩნენ ამერიკა-ირანის კონფლიქტში. შესაბამისად, რომც იყოს ტექნიკური მზადყოფნა და პოლიტიკური ნება ჩვენი ტერიტორიის გამოყენების, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი საკუთარ საჰაერო სივრცეს, ძალიან მაღალი ალბათობით, არ დათმობს. ეს ერთი და მეორე – არ მიმდინარეობს მსგავსი მოლაპარაკებები; არ არსებობს მსგავსი შეთანხმებები ამერიკა-საქართველოს შორის და არ არსებობს ტექნიკური მზადყოფნა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგდეს აშშ-ის საავიაციო ან სხვა ტიპის ბაზები. არ არსებობს ასეთი მზადყოფნა.

ამას სერიოზული მომზადება სჭირდება როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. ის, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკასათან სტრატეგიული პარტნიორობა და ის, რომ ჩვენ ტექნიკურ სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ეს ერთია, მაგრამ მეორეა ის, რომ ამაზე არც მოლაპარაკებები არსებობს თეორიულ დონეზე, არც პრაქტიკული მზადყოფნა არსებობს. დღეს ამერიკა და საქართველო სიტყვიერად რომ შეთანხმდნენ, ხვალ ისინი აქ ბაზებს ვერ განათავსებენ. ამ საკითხის განხილვა უფრო სპეკულაციაა და ხმაურიანი განცხადებებია, ვიდრე დასკვნებით გაკეთებული მოსაზრებები. უახლოეს პერიოდში მსგავს რამეს ადგილი არ ექნება”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ, რომელმაც “მეტრონომთან” ასევე ვრცლად ისაუბრა საკითხზე – “უნდა ველოდოთ თუ არა მესამე მსოფლიო ომს”.

შეგახსენებთ, ირანმა, ერაყში არსებულ ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ქვეყნის ინფორმაციით, ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.

ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდებოდა.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

ერაყში ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ კი, ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა: – “ყველაფერი კარგადაა”.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....