სამხედრო ექსპერტი, გენერალი ამირან სალუქვაძე, აშშ-ირანს შორის გამწვავებული ურთიერთობის მიუხედავად, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების დაწყებას არ ვარაუდობს.
როგორც “მეტრონომთან” საუბრისას სალუქვაძემ განაცხადა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ აშშ-მა ბაღდადში ირანელი გენერლის ლიკვიდაცია განახორციელა და საპასუხოდ ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევები განახორციელა, მესამე მსოფლიო ომის “ნიშნები არ ჩანს”, რადგან როგორც სამხედრო ექსპერტი ამბობს, “ოფიციალური ვაშინგტონისა და თეირანის განცხადებები ცხადყოფს, რომ ესკალაციის მსურველი არც ერთი მხარე არ არის”.
“ის, რომ ირანი აშშ-ს პასუხს გასცემდა, მოსალოდნელი იყო. ირანი შეეცადა სახის შენარჩუნებას. მათ დაკრძალეს გენერალი და დაკრძალვის შემდეგ განახორციელეს სარაკეტო შეტევა ამერიკულ ბაზებზე. თუ მივადევნებთ თვალს განცხადებებს – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ტვიტერში” დაწერა, რომ მათ არ სურთ ომი და ეს იყო თავდაცვითი ღონისძიება გენერლის ლიკვიდაციის საპასუხოდ. ეს არის ოფიციალური თეირანის პოზიცია. ასევე თავშეკავებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იგივე “ტვიტერის” მეშვეობით. სარაკეტო დარტყმების შედეგად, მსხვერპლთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება და ყველაფერი, ჩემი აზრით, დამოკიდებული იქნება იმაზე, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ირანის საპასუხო აქციას. დაველოდოთ – როგორც აქამდე მსოფლიო ელოდებოდა ირანის საპასუხო რეაქციას, ახლა დაველოდოთ ტრამპის განცხადებას, თუ რა ნიშნები იქნება მის განცხადებაში. ჩემი აზრით, ძლიერი სახელმწიფო ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ არის სერიოზული მსხვერპლი, უნდა შეეცადოს, რომ გადაიყვანოს მდგომარეობა მოლაპარაკების რეჟიმში. თუ არის ამის რესურსი, ვიღაც უნდა გაჩერდეს. როგორც წესი, ჩერდება ჭკვიანი და უფრო ძლიერი, რადგან აშშ-ს არ აქვს იმის პრობლემა, რომ სახის შენარჩუნება სჭირდებოდეს მასზე სუსტ სახელმწიფოებთან. ამერიკისა და ირანის მხრიდან ურთიერთსაპასუხო აქციები სრულიად საკმარისია ინციდენტის ამოსაწურად, თუ რა თქმა უნდა, ამის პოლიტიკური ნება არსებობს. ჩვენ ვეყრდნობით ოფიციალურ განცხადებებს, ოფიციალური განცხადებები კი, მიანიშნებს იმაზე, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დაპირისპირება.
ორმხრივი დაპირისპირების შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებების შედეგი ყველასთვის წინასწარ არის ცნობილი, თუ ვინ იქნება გამარჯვებული. ამას, ჩემი აზრით, კარგად აცნობიერებენ თეირანში. ეს პასუხი სამხედრო კუთხით რომ შევაფასოთ, რაღაც 10-15 ბალისტიკური რაკეტის გაშვება ზუსტად მიანიშნებს, რომ ეს არ არის ომის დაწყების მიზნით განხორციელებული აქცია. ირანს ოფიციალურად აშშ-სთვის ომი არ გამოუცხადებია. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აიღო ირანმა სარაკეტო შეტევაზე, მაგრამ შემარბილებელი განცხადებაც მოაყოლა – რომ ეს იყო გენერლის ლიკვიდაციის პასუხად განხორციელებული თავდაცვითი ქმედება. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ სურვილი საომარი ესკალაციის არ არის. თუმცა კეთდება შემაშინებელი განცხადებები ირანის მხრიდან, რაც ვფიქრობ, რომ ირანისთვის წამგებიანია და უფრო გათვლილია შიდა მოხმარებაზე – ირანის საზოგადოების განწყობების სამართავად”, – უთხრა “მეტრონომს” ამირან სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, ირანმა, ერაყში არსებულ ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ქვეყნის ინფორმაციით, ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.
ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდებოდა.
ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.
ერაყში ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ კი, ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა: – “ყველაფერი კარგადაა”
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს ტელემიმართვა, რომელსაც “მეტრონომი” ოპერატიულ რეჟიმში შემოგთავაზებთ.
მარიამ იმერლიშვილი