ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა – შეთანხმება მიღწეულია, ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ტყიბულში GIG ჯგუფის, საქნახშირის წარმომადგენლებს და რამდენიმე გაფიცულ მეშახტეს შეხვდა. მინისტრის თქმით, შედეგი მიღწეულია და აქცია შეწყდა. დღეიდან ინვესტორი კომპანია არსებული ვითარების შესწავლას და საქმიანობას დაიწყებს, გადაიბარებს საქნახშირის ვალდებულებებს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

30 სექტემბრიდან კი, სახელფასო დავალიანებას დაფარავენ. მინისტრის განმარტებით, ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ნათია თურნავას კომპანიის სახელი არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 25 სექტემბრიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 30-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასებსა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ მიიღებენ.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომიმართვები, სადაც ტყიბულელ მეშახტეებს ზესტაფონელი მეტალურგებიჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები უცხადებენ სოლიდარობას.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ მოიწვიოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, ტყიბულში არსებული კრიზისული ვითარების განსახილველად.

“საქნახშირი” მეშახტეების პროტესტს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად, “საქნახშირი” სახელმწიფოსთან ერთად, კონსულტაციებს აწარმოებს.

მეშახტეების სახელფასო დავალიანების დაფარვა აუცილებლად უნდა უზუნველყოს “საქნახშირმა” – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააკეთა.

ტყიბულში მეშახტეთა პროტესტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება. დეპუტატი აცხადებს, რომ კომპანია ვალდებულია, სახელფასო დავალიანება გადაიხადოს. მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნვლყოფს, რომ კომპანიამ ვალდებულებები შეასრულოს.

პრობლემის მოსაგვარებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს 26 სექტემბერს ტყიბულში ჩავა. ამის შესახებ მთავრობის დღვანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

იტვირთბა....