ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტყიბულში ჩავა. ამის შესახებ მთავრობის დღვანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა, ქალბატონ ნათიას ვთხოვო, ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი, რათა დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიმდინარე ხელფასების გაცემასა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით, მეშახტეების სრული ინფორმირებას ითხოვენ.
მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად, “საქნახშირი” სახელმწიფოსთან ერთად, კონსულტაციებს აწარმოებს.
მეშახტეთა პროტესტს გამოეხმაურა ასევე ეკონომიკის სამინისტრო. უწყებაში თქვეს, რომ “საქნახშირმა” მეშახტეების სახელფასო დავალიანების დაფარვა აუცილებლად უნდა უზუნველყოს.
თავად „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა, სავარაუდოდ, პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.