მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით სულ 16 პირი დააკავეს – მათგან 3 ხელწერილით უკვე გაათავისუფლეს. მათ შორისაა “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ერთ-ერთ დაკავებულს პოლიციელმა სახეში გაარტყა, რისი კვალიც მას, ამ დრომდე, ეტყობა.
“ვინახულე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უშუალოდ ავტომანქანაში ჩასმის მომენტი, როდესაც ერთ-ერთმა დამკავებელმა მას უთხრა – ხომ დაგაკავეო, უცენზურო სიტყვებით, ამის შემდეგ სახეში დაარტყა ხელი, რისი კვალიც, ამ ეტაპზე, ეტყობა ალექსანდრეს. ამის შესახებ, აუცილებლად მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.