ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით, „საქნახშირი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“საქნახშირი” მეშახტეების პროტესტს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად, “საქნახშირი” სახელმწიფოსთან ერთად, კონსულტაციებს აწარმოებს.

„მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.

ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ “საქნახშირმა” გაავრცელა.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასებსა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ მიიღებენ.

იტვირთბა....