ტყიბულში მეშახტეთა პროტესტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება. დეპუტატი აცხადებს, რომ კომპანია ვალდებულია, სახელფასო დავალიანება გადაიხადოს. მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნვლყოფს, რომ კომპანიამ ვალდებულებები შეასრულოს.
„საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები არსებობს, რა უნდა გასწორდეს. კომპანიას ვალდებულება აქვს, ეს ვითარება გამოასწოროს. მანამდე უფლება არ აქვს, რისკის ქვეშ დააყენოს თანამშრომლები. კომპანია ვალდებულია ამ ადამიანებს ხელფასები დაუფაროს. სახელმწიფო მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ ვალდებულება შესრულებული იყოს. საბოლოოდ, როგორ იფუნქციონირებს შახტა, ამაზე გადაწყვეტილებებია მისაღები”, ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩასული მეშახტეები უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მეშახტეები შახტებში გუშინ, 24 სექტემბერს ჩავიდნენ.
უფრო ადრე – 23 სექტემბერს კი, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ, 24 სექტემბერს საგანგებო განცხადება გაავრცელა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად, “საქნახშირი” სახელმწიფოსთან ერთად, კონსულტაციებს აწარმოებს.
მეშახტეთა პროტესტს გუშინვე გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ “საქნახშირმა” მეშახტეების სახელფასო დავალიანების დაფარვა აუცილებლად უნდა უზუნველყოს.
თავად „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა, სავარაუდოდ, პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.