პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება თუ ზურაბიშვილს გადააყენებენ თანამდებობიდან.
“საერთოდ აქცენტირება იმაზე, რომ პოლიციელის მკვლელია შეწყალებულიო რა შუაშია? ჩემი მკვლელი ან ნებისმიერი ადამიანის მკვლელი მკვლელი არაა? ამ “ქართული ოცნების” ვერაფერი გავიგე. ზურაბიშვილს თუ არ გაწირავენ, თითონ გაიწირებიან. ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულია და მისი ხელმყოფი, ასე ადვილად არ უნდა იყოს შეწყალებული. ტვინი თუ აქვთ, ქვეყნისთვის და მომავლისთვის უკეთესია, რომ გაწირონ”, – აცხადებს წულაია.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.
ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.
“იმედის კვირის” ინფორმაციით კი, სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი შეიწყალა.
სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.
ოპოზიციის ნაწილი დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ამავე თემაზე: კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” საუბრისას განმარტავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენება.