ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა შემთხვევაშია შესაძლებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება – ვახტანგ ხმალაძის განმარტება

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” საუბრისას განმარტავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენება.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტის, თანამდებობიდან გადაყენების პროცესი შეიძლება, დაიწყოს ორი მიზეზით. პირველი, თუ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. მეორე, თუ პრეზიდენტის ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები. რას ნიშნავს დანაშაულებრივი ქმედებები – სისხლის სამართლის კოდექსში არის განსაზღვრული რა არის დანაშაული. თუ პრეზიდენტის ქმედებაში არის მსგავსი მსგავსი ნიშნები, შეიძლება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.

ახლა შეწყალების შემთხვევაში რამდენადაა შესაძლებელი იმპიჩმენტის პროცედური დაწყება. კონსტიტუციის დარღვევაზე აქ ვერაფერს ვიტყვით, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ კონსტიტუცია დაირღვა. ახლა მეორე – არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. უნდა იყოს საკმარისი საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ ბრალი რომელიც პრეზიდენტს წაუყენეთ, არის დანაშაულის ნიშნები. ჩადენილია თუ არა დანაშაული, ეს უკვე საერთო სასამართლოს საქმეა. პრეზიდენტს ვერ წაუყენებ ბრალს, სანამ თანამდებობაზეა. ამიტომ, პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, როდესაც პრეზიდენტს ბრალს წარუდგენს ანუ პარლამენტის წევრთა ნაწილი წერს და ასაბუთებს, რომ პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია. ეს დასაბუთება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიჩნიოს საკმარისად იმისათვის, რომ თქვას, რომ ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. რა სახის დანაშაული შეიძლება იყოს ეს – მაგ., კორუფცია. წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტმა აიღო ქრთამი, რათა ვიღაც შეეწყალებინა. ეს იქნება დანაშაული. იქნება სრული საფუძველი, რათა დაიწყოს იმპიჩმენტი”, – აცხადებს ხმალაძე.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვერ გადააყენონ პრეზიდენტი, რადგან ამისთვის დეპუტატების 2/3-ია საჭირო ანუ 100 პარლამენტარის ხმა.

“თუმცა, პარამენტი გადააყენებს თუ არა პრეზიდენტს, ეს საკითხი ღიად რჩება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ თუ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საკითხს და ამას ჭირდება დეპუტატების 2/3 ანუ 100 ხმა. სავსებით შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ამ შემთხვევაშიც არ გადააყენოს პრეზიდენტი. ჯერჯერობით, რაც მოსმენილი მაქვს, აქ ვერ ვხედავ დასაბუთებული დანაშაულის ნიშნებს”, – აცხადებს ხმალაძე.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

ოპოზიციის ნაწილი დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.

იტვირთბა....