ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

როგორ აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელში – ბრალდებები და პასუხები

რუსებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ქართველი სამხედროების პირადი მონაცემებია ასახული.

ოკუპანტება აჩვენეს პირადი საქმის ფაილები და განაცხადეს, რომ უკრაინელი ნაციონალისტების განეიტრალება შეძლეს.

ამასთან დაკავშირებით, ქართველი ოფიცერი მიხეილ ქამხაძე “მთავარ არხს” ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი პირადი ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდა, თუმცა უცნობია როგორ გაჟონა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტები მათ ხელშია.

უწყება ინფორმაციასა და დოკუმენტების სამინისტროდან გატანის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

“ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება.

აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში შესაბამისი სამსახური დაადგენს”,– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ ფაქტს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს.

“წლების განმავლობაში არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ… არაერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს.

ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს. მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ, რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ”, – აცხადებს ხოშტარია.

მომხდარს ასევე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია და აღნიშნა, რომ ოკუპანტის პროპაგანდისტულ მედიაში გასული სიუჟეტი ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებისთვის საკმარისი მტკიცებულებაა.

„ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“,- ამბობს მელია.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, “ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არავითარი ნდობა და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია, პარტიული ტელევიზიით გასული ინფორმაცია სარწმუნოდ მიიღოს.

„არავითარი საფუძველი არ გამაჩნია იმისა ვთქვა, რომ პარტიული ტელევიზიით გასული რაიმე საკითხი არის ობიექტური და სარწმუნო, თუმცა თეორიული დაშვებით უნდა გადამოწმდეს და საინტერესოა, იმ კონკრეტული პირების კავშირები ე.წ. წყაროებთან, რომელთა ოჯახის წევრები ოკუპანტი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ რაღაც ინფორმაცია აქვთ… თეორიულად რომ დავუშვათ, რომ კონკრეტული ინფორმაცია ოკუპანტის ხელში მოხვდა, ხოლო ამ ინფორმაციას რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პირები და ამ პირებთან დაკავშირებული პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ, საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქამხაძესთან ერთად, უკრაინაში მებრძოლმა კიდევ ერთმა ქართველმა ნადიმ ხმალაძემ ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 27 მარტს ოკუპანტებს მასზე და მის თანამებრძოლებზე ინფორმაცია ჰქონდათ. 

იტვირთბა....