ახალი ამბები საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო ქამხაძეზე: სიცრუეა – პირადი საქმე გადაგზავნილია რაიონის კომისარიატში

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტები მათ ხელშია.

უწყება ინფორმაციასა და დოკუმენტების სამინისტროდან გატანის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

“ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება.

აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში შესაბამისი სამსახური დაადგენს”,– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველმა ოფიცერმა მიხეილ ქამხაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მისი პირადი ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდა, თუმცა უცნობია როგორ გაჟონა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.

იტვირთბა....