ახალი ამბები სამხდრო უკრაინის ომი

(ვიდეო) რუსეთმა უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალიდან კონტრაქტორები გაგზავნა – Эхо Кавказа

რუსეთმა უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალიდან კონტრაქტორები გაგზავნა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

მისივე ცნობით, კონტრაქტორები რუსეთის ფედერაციის მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაში მსახურობენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების კადრები, რომლებშიც ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ოკუპირებულ რეგიონს ტოვებდნენ. ზოგიერთ კადრში ჩანს როკის გვირაბიც.

საგულისხმოა, რომ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დაადასტურა.

„ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები, რომლებიც ატერორებენ თავიანთ ხალხს. ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრს ვესაუბრე. ისინი მიდიან ჩვენი ძმების შურისძიებისთვის! უკრაინაში დაღუპულთა ნათესავები და მეგობრები არიან. ბიჭებო, თქვენ თან წაიღეთ ჩემი გულის ნაჭერი! თქვენს ოჯახებს გამძლეობა და მოთმინება! შენ კი გამარჯვებით ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდებით!”, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

როგორც ცნობილია, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსული სამხედრო ძალები ბომბავს და ანადგურებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ შენობებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი კიევში მიიწვია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსა და სხვა სამხედრო ლიდერების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გულისხმობს.

ბოლო ინფორმაციით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში, დილის მტრის დაბომბვის შედეგად, ორი საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, დაშავდა 2 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 14 000-მდე ჯარისკაცი, 430 ტანკი, 1 375 ჯავშანტექნიკა დაკარგა.