ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსა და სხვა სამხედრო ლიდერების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გულისხმობს.
ხსენებული რეზოლუცია რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა და სენატორებმა მას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სენატი კატეგორიულად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, ძალადობას და ომის დანაშაულებს.
რეზოლუცია მოუწოდებს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და სხვა ქვეყნებს გამოიძიოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი, მათ შორის რუსი სამხედროები, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით.
„ყველა ჩვენგანი ამ ოთახში გავერთიანდით დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან, რათა ვთქვათ, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის“, – თქვა სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი კიევში მიიწვია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.