უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს კიევში ვიწვევ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და სწორედ ამაში გამოიხატება ნამდვილი ლიდერობა.
“დღეს კიევს ეწვია სამი პარტნიორი სახელმწიფოს, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც უკრაინის მეგობრები არიან: პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის. პოლონეთს ასევე წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტების სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა.
ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში. შეიძლება, აქ საშიში იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ კიდევ არ არის დახურული რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები არ მიგვიღია, მაგრამ მსოფლიოში ყველა ადამიანის ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენაა მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთანაა, მადლიერებას მიიღებს, არა მარტო ჩვენს მადლიერებას, არამედ სხვა ერებისაც”, – განაცხადა ზელენსკიმ.