ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კიევში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 2 კორპუსი დაინგრა – არიან დაშავებულები

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში, დილის მტრის დაბომბვის შედეგად, ორი საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

“კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს ცნობით , 16 მარტს, 06:16 საათზე შევჩენკოს რაიონში, 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ჩამონგრევა დაფიქსირდა.

შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მაშველებმა დაადგინეს, რომ ჭურვის ფრაგმენტები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, სართულები ჩამოინგრა, ნაწილობრივ დაზიანდა მეზობელი 9 სართულიანი შენობაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსული სამხედრო ძალები ბომბავს და ანადგურებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ შენობებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი კიევში მიიწვია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსა და სხვა სამხედრო ლიდერების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გულისხმობს.

იტვირთბა....