ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელი პატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდებიან – ზელენსკი

უკრაინელები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა დიდ საბრძოლო გამოცდილებას ფლობენ, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრებს ეძლევათ საშუალება დანაშაული ყველაზე ცხელ წერტილებში გამოისყიდონ.

“მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს, ნებისმიერს ვისაც მტერთან გამკლავება შეუძლია, ეს გააკეთოს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინელები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა დიდ საბრძოლო გამოცდილებას ფლობენ, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან და ეძლევათ საშუალება დანაშაული ყველაზე ცხელ წერტილებში გამოისყიდონ.

ახლა ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის დაცვაა. როდესაც საპრეზიდენტო მარათონში ჩავერთე – ვაცხადებდი რომ თითოეული უკრაინელი თავისი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ჩვენს ქვეყანაზე. ახლა კი თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. მებრძოლი თავის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატის ტერიტორიაზე ჩავიდა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

იტვირთბა....