ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატში ჩავიდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ევგენი კრავჩუკი აცხადებს, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატში ჩავიდა.

პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: 

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკი.

აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა.

“მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ ვინარჩუნებთ კავშირს მოლაპარაკებაში მონაწილე ჯგუფის წევრთან, დავით არახამიასთან. ამ დროისთვის დელეგაცია პოლონური თვითმფრინავით მიემგზავრება, რადგან ცნობილია, რომ რუსეთ-ბელორუსს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ღალატი”, – აცხადებს კრავჩუკი.

მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა საათნახევარში დაიწყოს.

ცნობისთვის, 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ბელორუსის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, რის შედეგადაც მიღწეული იქნა შეთანხმება უკრაინის დელეგაციის შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციასთან მდინარე პრიპიატის ტერიტორიაზე.

ამავდროულად, ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

იტვირთბა....