ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

დასავლეთი აბარებს ფუნდამენტურ გამოცდას – ხუხაშვილი უკრაინაზე

დასავლეთი აბარებს ფუნდამენტურ გამოცდას, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულ მოვლენებს და პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.

როგორც ხუხაშვილი წერს, რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან.

“ყველაფერი ქართული სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის “ცხელ ფაზაში” გადაყვანის პროვოცირება, რის შედეგადაც ბლიც-კრიგით გავიდოდა მინიმუმ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის რისკი არ არსებობს. ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, რა საზღვრებში მოხდა ე.წ. “აღიარება”.
შესაბამისად, რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან.
რატომ იჩქარეს?
დასავლეთი განსაკუთრებით “სუსტია” რუსეთთან დაპირისპირებაში ზამთარში ენერგო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. გაზაფხულზე რუსეთთან რკინის კედლის აღმართვა ბევრად უფრო ადვილი იქნება, ხოლო შემდეგი სეზონისთვის ენერგო-უსაფრთხოების სისტემის გადალაგება შესაძლებელი.
ფაქტობრივად, ახლა დასავლეთი აბარებს ფუნდამენტურ გამოცდას – შეუძლია თუ არა კეთილდღეობაზე დროებით უარის თქმა თავისუფლების სახელით”, – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა. ცნობილი ხდება, რომ აღიარებისთვის მზად არის სირიაც.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების პროვოკაციების შედეგად დაიჭრა 12 და გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო.

იტვირთბა....