ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე ოცნებაზე: მოგებული უბნების თავიდან გადათვლას ითხოვენ, რათა ჩვენი გამარჯვება მარცხად გამოაცხადონ

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ნაცმოძრაობის მიერ მოგებული უბნების თავიდან გადათვლას ითხოვს.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის არსებული შედეგები მიუღებელია და ახლა მათ გაყალბებას ცდილობს.

“საერთო კლიმატი რაც არის საქართველოში ამ უკვე გაყალბებული შედეგების კიდევ თავიდან გადაყალბება – როგორც ჩანს, მაჩვენებელი არ არის მათთვის მისაღები და ჩათვალეს, რომ საჭიროა თავიდან გადათვლა, თავიდან გაყალბება, რომ დიდი სხვაობა ჩანდეს. ეს ტოტალურად მთელ ქვეყანაში დაიწყეს. დაიწყეს ზუგდიდიდან, მარტვილი, სენაკი, ქუთაისი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ფოთი – ყველგან დაიწყეს იგივე მეთოდით ხალხის ნერვებზე თამაში. ეს რასაც ასახავს და რასაც აჩვენებს გასაგებია. მოგებული უბნების, მოგებული შედეგების თავიდან გადათვლას ითხოვენ იმისთვის, რომ გამარჯვება მარცხად გამოაცხადონ. ბუნებრივია, ეს არ გამოვა და ეს არის მართლა აგონია”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის საოლქო კომისიასთან აქცია გამართა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქართულმა ოცნებამ მათი ხმები გააყალბა, რის შემდეგაც პარტიამ საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ამასთან, პარტიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა.

იტვირთბა....